კიოკუშინკაის ისტორია: კიოკუშინ-კარატეს სტილის დამაარსებელი მასუტაცუ ოიამა დაიბადა 1923 წელს სამხრეთ კორეაში. მან საბრძოლო ხელოვნებაში მეცადინეობა ჯერ კიდევ კორეაში დაიწყო და 1938 წლიდან იაპონიაში გააგრძელა. 20 წლისას უკვე IV დანი ჰქონდა ოკინავურ კარატეში. პირველი დოჯო ტოკიოში 1953 წელს გახსნა. ბევრი მოსწავლე მოვიდა სხვა განსხვავებული სტილებიდან და მასწავლებელმა შექმნა თავისი მიმართულება, ადარებდა ერთმანეთს სხვადასხვა ტექნიკას და იღებდა საუკეთესოს სხვა სკოლებიდან. პირველი "ოიამას სკოლა” იაპონიის გარეთ, ჰავაიზე 1957 წელს გაიხსნა. 1964 წელს ოიამამ შექმნა კარატეს საერთაშორისო ორგანიზაცია (IKO), ამ დროიდანვე დაიწყო ტერმინ ”კიოკუშინის” ხმარება თავისი სკოლის აღსანიშნავად. (კიოკუ - ზღვარი, შინ - ჭეშმარიტება, კაი - შეერთება, შეკავშირება, ე.ი. საჭიროა დრო ჭეშმარიტების სრული შეცნობისათვის). მასუტაცუ ოიამას მიერ ფორმულირებული კიოკუშინ-კარატეს პრინციპები დღეს მისგან ჩამოყალიბებული კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციის დევიზია: ”თავი გეჭიროს დაბლა (იყავი თავმდაბალი), თვალები - მაღლა (იყავი პატივმოყვარე), იყავი თავშეკავებული სიტყვებში, სხვებს პატივისცემით და ზრდილობიანად მოექეცი, მოეხმარე საკუთარ მშობლებს”. მთელ მსოფლიოში, მოსწავლეები, რომლებიც კიოკუშინ-კარატეს შესწავლას იწყებენ, პირობას დებენ, რომ თავისი მონაცემები, ნიჭი და უნარი გარშემომყოფი ადამიანების კეთილდღეობას მოახმარონ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ მოვალეობებს სწავლაში, შრომაში და ოჯახში. ვარჯიშებზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას მოსწავლეები არ იყენებენ ანგარებიანი მიზნების მისაღწევად. კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებაში და ყველა რეგიონალური ორგანიზაციის წესდებაში ხაზგასმულია, რომ კიოკუშინ-კარატე-დოს მოსწავლე არ უწევს პროპაგანდას დისკრიმინაციას ან ცრუ შეხედულებებს, დაფუძნებულს ეთნიკურ, რასობრივ, ეროვნულ, პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, რელიგიურ, სქესობრივ ან ასაკობრივ მონაცემებზე და აღიარებენ, რომ ყველა ხალხს თანაბარი უფლებები გააჩნია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობისა და მშვიდობის მიღწევა. კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა სხვადასხვა ღონისძიებები (ტურნირები, შეკრებები, საჩვენებელი გამოსვლები და სხვ.), იგი ხელს უწყობს კიოკუშინ-კარატე-დოს პრინციპებისა და ტექნიკის გავრცელებას მთელ მსოფლიოში. დღეს მოსწავლეთა რაოდენობა 12 მილიონამდე აღწევს და შეიძლება ითქვას, რომ კიოკუშინ-კარატე სადღეისოდ ყველაზე პოპულარული სახეობაა საბრძოლო ხელოვნებებს შორის. მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ოიამას მიმდევრები ვარჯიშობენ, IKO-მ 8 რეგონად დაჰყო. ეფექტური მართვისათვის შექმნილია კიოკუშინ-კარატეს რეგიონალური და ეროვნული ორგანიზაციები. მაგალითად, ევროპის რეგიონში შედის ავსტრია, ბელორუსია, დანია, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, უკრაინა და სხვ. ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში შედიან კანადა და აშშ. ბრაზილია, არგენტინა, ჩილე, კოლუმბია შედის სამხრეთ ამერიკის რეგიონებში. ბევრი ორგანიზაცია შევიდა აფრიკის რეგიონში, სამხრეთ აზიაში - ირანი, შრი-ლანკა, ინდოეთი, სინგაპური, ფილიპინები. რუსეთის რეგიონში - რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი. IKO-ს ღონისძიებათა ქსელი საკმაოდ გაჯერებულია. ყოველ რეგიონში (ევროპა, აფრიკა, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია, იაპონია) ერთი წლის განმავლობაში ტარდება სულ მინიმუმ 3 მსხვილი ტურნირი: რეგიონალური შეჯიბრებები წონითი კატეგორიების მიხედვით, აბსოლუტური ჩემპიონატი და აბსოლუტური ღია ტურნირი, რომელში მონაწილეობის უფლება სხვა რეგიონის სპორტსმენბსაც აქვთ. სხვადასხვა ქვეყნებში რეგულარულად ეწყობა შეკრებები, ჩემპიონატები ქალებისათვის, მოზარდებისთვის და სხვ. ოთხ წელიწადში ერთხელ ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება
|
|